წყარო: http://www.osce.org/fom/204011
26 ნოემბერს, ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა პროპაგანდისა და მედიის თავისუფლების შესახებ სადისკუსიო დოკუმენტი წარადგინა და შეაფასა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ეუთოს ქვეყნებში მედიის თავისუფლების მიმართულებით მიღწეული შედეგები. მისი მთავარი გზავნილი შეეხებოდა პროპაგანდისტული, დესტრუქციული ძალების და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას.
მიატოვიჩს მიაჩნია, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენენ ერთგვარ გამოწვევას, რომელსაც მტკიცე და ძლიერი პასუხი სჭირდება. „ზუსტად ასეთ დროს, უნდა გამოვიჩინოთ ურყევი ძალისხმევა, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ღირებულებები და თავისუფალი არჩევანი“, თქვა მიატოვიჩმა.
მისი თქმით, 40 წლის წინ ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა მოაწერეს ჰელსინკის აქტს და ამით დადეს პირობა, რომ არ გამოიყენებდნენ პროპაგანდას, როგორც აგრესიული ომის საშუალებას, რაც არ შეიძლება იქნეს დავიწყებული.
„ერთი წლის წინ, ამ ფორუმის მეშვეობით, პირველად გავაჟღერე საკითხი, უკრაინის კონფლიქტის გარშემო წარმოქმნილი პროპაგანდისტული ინფორმაციის შესახებ. პროპაგანდა დავგმე, როგორც უშნო შრამი თანამედროვე ჟურნალისტიკის და მოვუწოდე მთავრობებს, რათა ხელი აეღოთ ახალი ამბების ბიზნესიდან,“- აღნიშნა დუნია მიატოვიჩმა და თქვა, რომ მისი ოფისი ბოლო 12 თვის განმავლობაში ჩართული იყო პროპაგანდის ძირეული გამომწვევი მიზეზების დამარცხებაში. ამ კამპანიის ფარგლებში ეუთომ მნიშვნელოვანი დრო და რესურსი დახარჯა რუს და უკრაინელ ჟურნალისტებთან მუშაობაში. პირველ რიგში, შეეცადნენ ორივე მხარეს შორის ნდობის ამაღლებას და ჟურნალისტიკური ეთიკის დანერგვას.
მიატოვიჩის აზრით, „უცოდინარობა, სიძულვილი, მტრობა და პროპაგანდის სხვა შედეგები წარმოადგენენ გარდაუვალ საფრთხეს ჟურნალისტიკის და თავისუფალი მედიისთვის და აუცილებელია მეტი რესურსი იქნეს გამოყენებული ამ საფრთხეებთან ბრძოლაში.“
სადისკუსიო დოკუმენტი წარმოადგენს პროპაგანდის სამართლებრივი და ისტორიული საფუძვლების სიღრმისეულ ანალიზს და ასევე ეუთოს წარმომადგენლის ხედვას და პოზიციას პროპაგანდასა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.
„პროპაგანდა, მხოლოდ იმ გარემოშია ეფექტური, სადაც მთავრობები აკონტროლებენ მედიას და დამალულად მხარს უჭერენ სიძულვილის ენას. ობიექტური და თავისუფალი მედია გარემო არის ერთად-ერთი პასუხი სიძულვილის ენის საწინააღმდეგოდ. იმედი გვაქვს, რომ ეს დოკუმენტი იქნება ურთიერთგაგების საწყისი და პროპაგანდის წინააღმდეგ სამართლებრივი და ისტორიული არგუმენტების დამკვიდრების საფუძველი“, - იმედოვნებს მიატოვიჩი.
მისი თქმით, ეუთო მომავალშიც გააგრძელებს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას და დახმარება ყველა იმ აქტივობისა, რომელიც მიმართული იქნება მედიის თავისუფლების განმტკიცებისკენ და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისკენ.